სტატიები
როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი | წესები + 7 პირველი ნაბიჯი
ჩვენი თანმიმდევრული ინსტრუქცია დაგეხმარებათ თქვენ ადვილად შეისწავლოთ ჭადრაკის თამაში.

როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი | წესები + 7 პირველი ნაბიჯი

CHESScom
| 663 | დამწყებთათვის

არასდროს არაა გვიან ისწავლოთ ჭადრაკის თამაში - ყველაზე პოპულარული თამაშისა მსოფლიოში! ჭადრაკის წესების შეისწავლა არ არის რთული:


ნაბიჯი 1. როგორ განვალაგოთ საჭადრაკო დაფა

თამაშის დაწყებისას საჭადრაკო დაფა დევს ისე, რომ თითოეულ მოთამაშეს თეთრი (ან ღია) ფერის უჯრა ქვედა მარჯვენა მხრიდან აქვს.

საჭადრაკო დაფა

საჭადრაკო ფიგურები ყოველთვის ერთნაირად ლაგდება. მეორე რიგი (ჰორიზონტალი) შევსებულია პაიკებით. ეტლები დგანან კუთხეებში, შემდეგ მხედრები მათ გვერდით, მათ მოჰყვებიან კუები, და ბოლოს ლაზიერი, რომელიც ყოველთვის დგას მის შესატყვის ფერზე (თეთრი ლაზიერი თეთრზე, შავი ლაზიერი შავზე), და მეფე - დარჩენილ უჯრაზე.

ფიგურების განლაგება საჭადრაკო დაფაზე

ფიგურების განლაგება პარტიის დასაწყისში იქნება ძალიან ადვილი.

 რეკომენდირებული ინსტრუმენტი -> დახვეწეთ თქვენი დაფის ხედვა


ნაბიჯი 2. როგორ მოძრაობენ ჭადრაკის ფიგურები

თითოეული 6 ფიგურიდან განსხვავებულად მოძრაობს. ფიგურებს არ შეუძლიათ გადაახტნენ სხვა ფიგურებს (ეს შეუძლია მხოლოდ მხედარს). ვერასოდეს დადგებიან იმ უჯრაზე, სადაც უკვე დგას იმავე ფერის (საკუთარი) ფიგურა. თუმცა მათ შეუძლიათ დადგნენ მეტოქის ფიგურის ადგილზე, რომელსაც ისინი იპყრობენ (ატყვევებენ). ფიგურებს ჩვეულებრივ განალაგებენ ისეთ პოზიციებზე, საიდანაც მათ შეეძლებათ დაატყვევონ სხვა ფიგურები (დგებიან დატყვევებული ფიგურის ადგილზე და ეცვლლებიან მათ დაფაზე), დაიცვან საკუთარი ფიგურები, როცა მათ ემუქრებათ დატყვევება, ან კიდე გააკონტროლონ მნიშვნელოვანი უჯრები თამაშში.

როგორ მოძრაობს მეფე ჭადრაკში

მეფე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სუსტიც. მეფეს შეუძლია მხოლოდ ერთი უჯრით გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით - ზემოთ, ქვემოთ, გვერდებზე, და დიაგონალურად. მეფე ვერასოდეს დააყენებს თავს ქიშის ქვეშ (სადაც მისი აყვანა იქნება შესაძლებელი). როცა მეფეს უტევს სხვა ფიგურა, ამას ეწოდება "ქიში".

როგორ მოძრაობს მეფე ჭადრაკში

როგორ მოძრაობს ლაზიერი ჭადრაკში

ლაზიერი ყველაზე ძლიერი ფიგურაა. მას შეუძლია ნებისმიერი სწორი მიმართულებით მოძრაობა - წინ, უკან, გვერდებზე, და დიაგონალურად - მანამ, სანამ საკუთარ ფიგურებს არ შეეხება. და, როგორც სხვა ფიგურების შემთხვევაში, თუკი ლაზიერი აიყვანს ოპონენტის ფიგურას, მისი სვლა დასრულებულია. შენიშნეთ, თუ როგორ იყვანს თეთრი ლაზიერი შავ ლაზიერს და ამის შემდეგ შავი მეფე იძულებულია გადაადგილდეს.

როგორ მოძრაობს ლაზიერი ჭადრაკში

როგორ მოძრაობს ეტლი ჭადრაკში

ეტლს შეუძლია გადაადგილდეს იმდენად შორს, რამდენადაც უნდა, მაგრამ მხოლოდ წინ, უკან, და გვერდებზე. ეტლები განსაკუთრებით ძლიერი ფიგურები არიან მაშინ, როცა ერთმანეთს იცავენ და ერთად მოქმედებენ!

როგორ მოძრაობს ეტლი ჭადრაკში

როგორ მოძრაობს კუ ჭადრაკში

კუს შეუძლია გადაადგილდეს იმდენად შორს, რამდენადაც სურს, მაგრამ მხოლოდ დიაგონალურად. თითოეული კუ იწყებს ერთ ფერზე (ღია ან მუქ) და უნდა დარჩეს ამავე ფერზე. კუები ერთად კარგად მოქმედებენ, რადგან ერთმანეთის სისუსტეებს ავსებენ.

როგორ მოძრაობს კუ ჭადრაკში

როგორ მოძრაობს მხედარი ჭადრაკში

მხედრები სხვა ფიგურებისაგან ძალზე განსხვავებულად მოძრაობენ - ისინი მიდიან ორი უჯრით ერთი მიმართულებით, და შემდეგ აკეთებენ კიდევ ერთ სვლას 90 გრადუსიანი კუთხით, ზუსტად "L"-ის ფორმით. მხედარი, აგრეთვე, ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია სხვა ფიგურებს გადაახტეს.

როგორ მოძრაობს მხედარი ჭადრაკში

როგორ მოძრაობს პაიკი ჭადრაკში

პაიკები გამონაკლისები არიან, რადგან ისინი მოძრაობენ და იყვანენ ოპონენტის ფიგურას განსხვავებული გზებით: ისინი მოძრაობენ პირდაპირ, მაგრამ იყვანენ დიაგონალზე. პაიკებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი უჯრით წინ გადაადგილება თითოეული მოძრაობისას, გარდა თავიანთი პირველი სვლისა, როცა მათ შეუძლიათ 2 უჯრით წინ გადაადგილება. პაიკები იყვანენ მხოლოდ მათ წინა დიაგონალურ უჯრაზე. პაიკებს არ შეუძლიათ მოძრაობა ან აყვანა უკან. თუკი ფიგურა არის მოცემული პაიკის წინ, მაშინ პაიკს არ შეუძლია არც მისი აყვანა და არც წინ გადაადგილება.

როგორ მოძრაობს პაიკი ჭადრაკში

 რეკომენდირებული ინსტრუმენტი -> ერთეული ჭადრაკი (აიღეთ ყველა თქვენი ფიგურა)


ნაბიჯი 3. შეისწავლეთ ჭადრაკის გამორჩეული წესები

ჭადრაკში არის რამდენიმე გამორჩეული წესი, რომლებიც თავიდანვე შეიძლება არალოგიკურად მოგეჩვენოთ. ისინი მოფიქრებულ იქნენ იმიტომ, რომ თამაში უფრო მხიარული და საინტერესო გახდეს.

როგორ გარდავსახოთ პაიკი ჭადრაკში

პაიკებს აქვთ განსაკუთრებული თვისება: თუ პაიკი მიაღწევს დაფის მოპირდაპირე მხარეს, მას შეუძლია გადაიქცეს ნებისმიერ ფიგურად (ეწოდება გარდასახვა).

როგორ გარდავსახოთ პაიკი ჭადრაკში

პაიკი შეიძლება გარდაისახოს ნებისმიერ ფიგურად. საერთო მცდარი აზრი, რომ პაიკს შეუძლია გარდაისახოს მხოლოდ უკვე აყვანილ ფიგურად, არ შეესაბამება სიმართლეს. პაიკი ძირითადად გარდაისახება ლაზიერში. მხოლოდ პაიკები გარდაისახებიან.

პაიკის გარდასახვა

როგორ შევძლოთ აყვანა გავლით ჭადრაკში

ბოლო წესს პაიკებზე ჰქვია "აყვანა გავლით". თუ პაიკი გადაადგილდება ორი უჯრით მისი პირველი სვლის დროს, და ამის გაკეთების შედეგად აღმოჩნდება ოპონენტის პაიკის გვერდზე (ეფექტურად აირიდებს თავიდან ოპონენტის პაიკის მიერ მისი აყვანის შესაძლებლობას), ასეთ შემთხვევაში ოპონენტის პაიკს შეუძლია მოცემული პაიკის აყვანა.

აყვანა გავლით ჭადრაკში

 ეს განსაკუთრებული სვლა უნდა განხორციელდეს პირველი პაიკის მიერ სვლის გაკეთებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ამ გზით აყვანის უფლება იკარგება. ამ უცნაური, მაგრამ მნიშვნელოვანი წესის უკეთ გასაგებად დააწკაპუნეთ ქვედა მაგალითს.

აყვანა გავლით

როგორ გავაკეთოთ როქი

კიდევ ერთი გამორჩეული ჭადარაკის წესი არის როქი. ეს მოძრაობა საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ 2 მნიშვნელოვანი რამ ერთ მოძრაობაში: გაიყვანოთ თქვენი მეფე უსაფრთხო ადგილას (იმედია, უსაფრთხოა), და შემოიყვანოთ ეტლი თამაშში კუთხიდან. მოთამაშეს შეუძლია საკუთარი სვლის დროს მეფე გადაიყვანოს ორი უჯრით გვერდზე და მიუსვას მას ეტლი მეფის მოძრაობის საწინააღმდეგო მხრიდან. (ნახეთ მაგალითი ქვემოთ.) თუმცა როქის გასაკეთებლად, შემდეგი მდგომარეობები უნდა იყოს დაკმაყოფილებული:

  • ეს უნდა იყოს იმ მეფის პირველი მოძრაობა
  • ეს უნდა იყოს იმ ეტლის პირველი მოძრაობა
  • როქის განსახორციელებლად უჯრები მეფესა და ეტლს შორის უნდა იყოს თავისუფალი
  • მეფე არ უნდა იმყოფებოდეს ქიშის ქვეშ და უჯრა რომელსაც ის გადაკვეთს ან დაიკავებს არ უნდა იმყოფებოდეს ქიშის ქვეშ

შენიშნეთ რომ როდესაც აკეთებთ როქს მეფის მხარეს მას ეწოდება "მოკლე როქი". როქირებას მეორე მხარეს, ლაზიერის უჯრის გავლით ეწოდება "გრძელი როქი". მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს ხდება როქი, მეფე მაინც 2 უჯრით გადაადგილდება.

როგორ გავაკეთოთ როქი ჭადრაკში


ნაბიჯი 4. გაარკვიეთ ვისია პირველი სვლა

პირველ სვლას ყოველთვის თეთრი ფიგურებით მოთამაშე აკეთებს. ამიტომ მოთამაშეები მონეტის აგდებით ან ოპონენტის ხელში დამალული პაიკის ფერის გამოცნობით წყვეტენ იმას, თუ ვის ერგება თეთრი ფიგურები. შემდეგ თეთრი აკეთებს სვლას, შემდეგ შავი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გრძელდება მანამ, სანამ თამაში არ დამთავრდება. პირველი სვლის გაკეთება - ეს მცირე უპირატესობაა, რომელიც აძლევს მოთამაშეს საშუალებას დაიწყოს შეტევა დაუყოვნებლივ.


ნაბიჯი 5. შეისწავლეთ წესები, რომლებითაც მოიგება პარტია ჭადრაკში

საჭადრაკო პარტია შეიძლება დამთავრდეს რამდენიმე საშუალებით: შამათით, ყაიმით, დანებებით, წაგებით დროში...

როგორ გავაკეთოთ როქი

თამაშის მიზანია დავაშამათოთ მეტოქის მეფე. ეს ხდება მაშინ როდესაც მეფე ქიშის ქვეშაა და არ შეუძლია თავი დააღწიოს ქიშს. არსებობს მხოლოდ სამი გზა მეფემ აიცილოს ქიში: გადავიდეს გზიდან (მაგრამ არ შეუძლია როქირება!), დაბლოკოს ქიში სხვა ფიგურით, ან აიყვანოს ფიგურა რომელიც ემუქრება. თუ მეფე შამათს თავს ვეღარ აღწევს - თამაში დასრულებულია. როგორც წესი მეფეს არ ეხებიან და დაფიდან არ ხსნიან, თამაში უბრალოდ ცხადდება დასრულებულად.

სულელთა შამათი

"სულელთა შამათის" მაგალითი

როგორ გავაყაიმოთ თამაში

იშვიათად ჭადრაკის პარტიები მთავრდება არა რომელიმე მონაწილის გამარჯვებით, არამედ ყაიმით. საჭადრაკო პარტია შეიძლება 5 მიზეზით დასრულდეს ყაიმად:

  • პოზიცია აღწევს პატს, როდესაც არის ერთი მოთამაშის სვლა, მაგრამ მისი მეფე არ არის ქიშის ქვეშ და მას არა აქვს არც ერთი დაშვებული სვლა

პატი ჭადრაკში

c7-ზე ლაზიერის დასმით შავები არ იმყოფებიან ქიშის ქვეშ, მაგრამ ვერც სვლას აკეთებენ. დაფაზე პატია, და პარტია მთავრდება ყაიმით.

  • მოთამაშეები შეიძლება შეთანხმდნენ ყაიმზე და შეწყვიტონ თამაში
  • დაფაზე არ არის შამათისათვის აუცილებელი ფიგურები (მაგალითად: მეფე და კუ მეფის წინააღმდეგ)
  • მოთამაშე აცხადებს ყაიმს თუ ერთი და იგივე პოზიცია დაფაზე მეორდება სამჯერ (არაა აუცილებელი ზედიზედ)
  • შესრულდა 50 თანამიმდევრული სვლა, ამასთან არც ერთ მოთამაშეს არ გაუკუთებია სვლა პაიკით და არ აუყვანია ფიგურა

ნაბიჯი 6. შეისწავლეთ ძირითადი საჭადრაკო სტრატეგიები

არსებობს 4 მარტივი რამ, რაც ჭადრაკის ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს:

დაიცავით თქვენი მეფე

გადაიყვანეთ მეფე დაფის კუთხეში, აქ ის, ძირითადად, უფრო უსაფრთხოდაა. არ გადადოთ როქის გაკეთება. როქი რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს. გახსოვდეთ, არა აქვს მნიშვნელობა თუ რაოდენ ახლოს ხართ ოპონენტის დაშამათებასთან, თუ პირველად დააშამათებენ თქვენ მეფეს!

არ დათმოთ ფიგურები

ნუ დაკარგავთ თქვენს ფიგურებს უაზროდ. ყოველი ფიგურა ძვირფასია და თქვენ ვერ მოიგებთ თამაშს ფიგურების გარეშე, რომლებიც საჭიროა შამათისათვის. არსებობს მარტივი სისტემა რომლითაც მოთამაშეთა უმრავლესობა განსაზღვრავს თითოეული ფიგურის შედარებით ღირებულებას: რა ფასი აქვთ ფიგურებს?

  • პაიკი უდრის ერთს
  • მხედარი 3 პაიკის ტოლია
  • კუ 3 პაიკის ტოლია
  • ეტლი ხუთი პაიკის ტოლია
  • დედოფალი უდრის ცხრას
  • მეფე უსაზღვროდ ღირებულია

პარტიის ბოლოს ეს ქულები არაფერს ნიშნავს - ეს მხოლოდ სისტემაა, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ თამაშის დროს გადაწყვეტილების მისაღებად. ის გეხმარებათ მიხვდეთ როდის აიყვანოთ, გაცვალოთ ან გააკეთოთ სხვა სვლა.

საჭადრაკო ფიგურების ფასეულობა

აკონტროლეთ ჭადრაკის დაფის ცენტრი

უნდა ეცადოთ აკონტროლოთ დაფის ცენტრი თქვენი ფიგურებითა და პაიკებით. თუ ცენტრს აკონტროლებთ, გექნებათ უფრო მეტი ადგილი ფიგურების გადასაადგილებლად და ოპონენტს გაურთულებთ კარგი უჯრების პოვნას თავისი ფიგურებისათვის. ზედა მაგალითში თეთრები აკეთებენ კარგ სვლებს ცენტრზე კონტროლის მოსაპოვებლად, შავები კი აკეთებენ ცუდ სვლებს.

გამოიყენეთ თქვენი ყველა ფიგურა

ზედა მაგალითში თეთრებმა თავისი ყველა ფიგურა ჩართენ თამაშში! თქვენი ფიგურები უვარგისია, როცა უკან, საწყის რიგში დგანან. ეცადეთ განავითაროთ ყველა ფიგურა, რომ უფრო მეტის გამოყენება შეგეძლოთ მეფის შესატევად. ერთი-ორი ფიგურით შეტევა კარგ ოპონენტს ბევრს ვერაფერს დააკლებს.


ნაბიჯი 7. ითამაშეთ რაც შეიძლება მეტი, მეტი პრაქტიკისათვის

ყველაზე საყურადღებო მათ შორის, რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ აიმაღლოთ თამაშის დონე, ესაა ბევრი თამაში! მნიშვნელობა არა აქვს, თამაშობთ თქვენ სახლში მეგობრებთან თუ ინტერნეტში, აუცილებელია ბევრი ითამაშოთ, რომ მიაღწიოთ სრულყოფას. ჩვენს დროში ადვილია მოიძიოთ ჭადრაკის ონლაინ თამაში!

როგორ ვითამაშოთ ჭადრაკის ვარიანტები

ხალხის უმრავლესობა კი თამაშობს ჭადრაკს სტანდარტული წესებით, მაგრამ ზოგირთებს უყვართ ჭადრაკის თამაში შეცვლილი წესებით. მათ უწოდებენ "ჭადრაკის ვარიანტებს". თითოეულ ვარიანტს თავისი წესები გააჩნია.

  • ჭადრაკი-960: ჭადრაკ-960-ში (ფიშერის ჭადრაკი) ფიგურების საწყისი განლაგება აირჩევა შემთხვევითი წესით. პაიკები განლაგებულია როგორც ჩვეულებრივ ჭადრაკში, ხოლო დანარჩენი ფიგურები მათ უკან განლაგდებიან შემთხვევითად.
  • მთის მეფე: ჭადრაკის ამ ვარიანტში გამარჯვება მიიღწევა, მეფის მიერ საჭადრაკო დაფის ერთერთი ცენტრალური უჯრის, ეგრეთწოდებული "მთის მწვერვალის" დაპყრობით.
  • შვედური ჭადრაკი: ამ ფორმატს თამაშობენ წყვილებში. როცა ერთი მოთამაშეთაგანი იღებს მეტოქის ფიგურას, მისი გამოყენება შეუძლია მის მეწყვილეს. მაგალითად, თუ მე ვთამაშობ თეთრებით, და ჩემი მეწყვილე, შავებით მოთამაშე, იღებს თეთრ მხედარს მეტოქესთან, მაშინ ნებისმიერი ჩემი მომავალი სვლით მე შემიძლია იგი დავსვა დაფის ნებისმიერ თავისუფალ უჯრაზე.
  • ჭადრაკი "Crazyhouse": ძალიან საინტერესო ფორმატია, სადაც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტოქესთან ართმეული ფიგურები. მაგალითად თუ მე ვთამაშობ თეთრი ფიგურებით და ავიყვანე შავი პაიკი, ის გარდაისახება თეთრ პაიკად, რომელიც შემიძლია შევიყვანო დაფაზე როგორც ჩემი ფიგურა ნებისმიერი ჩემი მომავალი სვლით.
  • სამ ქიშამდე: ამ ვერსიაში იმარჯვებს ის, ვინც პირველი გამოუცხადებს ქიშს სამჯერ მეტოქის მეფეს.
ჭადრაკის ვარიანტები

ისიამოვნეთ ჭადრაკის ამ გასაოცარი ვარიანტებით.

 რეკომენდირებული სტატია -> ჭადრაკის 5 საოცარი ვარიანტი


როგორ ვითამაშოთ ფიშერის ჭადრაკი (960)

ჭადრაკი-960 თანხვდება სტანდარტული ჭადრაკის ყველა წესს, გამონაკლისია ბოლო ჰორიზონტალზე ფიგურების საწყისი პოზიციები, რომლებიც სურვილისამებრ განლაგდებიან 960 შესაძლო პოზიციაზე. როქი კეთდება ისევე, როგორც სტანდარტულ ჭადრაკში, მეფისა და ეტლის განლაგებით ჩვეულ უჯრებზე (g1 და f1, ან c1 და d1). 960-ს თამაშობენ ისევე, როგორც სტანდარტულ ჭადრაკს, მაგრამ მეტი მრავალფეროვნებით დებიუტში.

ჭადრაკი-960

რეკომენდირებული ინსტრუმენტი -> ითამაშეთ ჭადრაკი-960 კომპიუტერის წინააღმდეგ

 რეკომენდირებული ინსტრუმენტი -> ითამაშეთ ჭადრაკი-960 მეგობრებთან


როგორ ვითამაშოთ საჭადრაკო ტურნირების წესებით

ბევრი ტურნირი იყენებს საერთო, მსგავს წესებს. ეს წესები შეიძლება არ შეესაბამებოდეს სახლში ან ონლაინში თამაშის წესებს, მაგრამ თქვენ ალბათ, მაინც მოგინდებათ მათში ითამაშოთ.

  • შეეხე-ითამაშე - თუ მოთამაშე შეეხო თავის ფიგურას, მან უნდა გადააადგილოს ეს ფიგურა თუ მას აქვს ლეგალური სვლა. თუ მოთამაშე შეეხო ოპონენტის ფიგურას, მან უნდა აიყვანოს ეს ფიგურა. თუ მოთამაშეს სურს შეეხოს ფიგურას დაფაზე გასწორების მიზნით, მან წინასწარ უნდა გამოაცხადოს ეს, სიტყვით "ვასწორებ".
  • საათები და ტაიმერები - ტურნირთა უმრავლესობა იყენებს ტაიმერს თითოეულ თამაშზე დახარჯულ დროის დასარეგულირებლად, არა ყოველ სვლაზე. ორივე მოთამაშეს ენიჭება თანაბარი დრო თამაშზე. დროს მოთამაშე ანაწილებს საკუთარი სურვილის მიხედვით. როგორც კი მოთამაშე გააკეთებს სვლას, ის აჭერს ღილაკს ან არტყამს ბერკეტს, ოპონენტის საათის ჩასართავად. თუ მოთამაშეს ამოეწურება დრო და მისი ოპონენტი ჩართავს მის საათს, მაშინ დროამოწურულ მოთამაშეს ეთვლება წაგება (თუ ოპონენტს აქვს საკმარისი ფიგურები დაშამათებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადდება ყაიმი).

ხშირად დასმული საჭადრაკო კითხვები

მთელმა ამ ინფორმაციამ შეიძლება ჩაგაფიქროთ. ამიტომაც ჩვენ ვპასუხობთ ამ ხშირად დასმულ კითხვებს, რომლებიც წამოიჭრებიან ხოლმე იმ ხალხის წინაშე, რომლებიც იწყებენ მოგზაურობას ჭადრაკის სამყაროში. ვიმედოვნებთ, რომ ისინი თქვენ გამოგადგებათ!

ხშირად დასმული საჭადრაკო კითხვები

როგორ შემძლია ავიმაღლო თამაშის დონე ჭადრაკში?

წესებისა და საბაზისო სტრატეგიების ცოდნა მხოლოდ დასაწყისია - ჭადრაკზე იმდენი რამეა სასწავლი, რომ ამისათვის მთელი ცხოვრებაც არ გეყოფათ! გასაუმჯობესებლად 3 რამის გაკეთება არის საჭირო:

  1. ითამაშეთ ბევრი - უბრალოდ გააგრძელეთ თამაში! ითამაშეთ რაც შეიძლება ბევრი. თითოეული პარტიიდან რაიმე უნდა ისწავლოთ - როგორც მოგებული, ასევე წაგებული პარტიებიდან.
  2. ისწავლეთ საჭადრაკო გაგვეთილების დახმარებით - თუ თქვენ ნამდვილად გსურთ სწრაფად გაიუმჯობესოთ საკუთარი თამაში, თქვენ უნდა გაიაროთ ონლაინ-გაკვეთილების რაღაც რაოდენობა. საჭადრაკო ონლაინ-გაკვეთილები წარმოდგენილია აქ.
  3. იხალისეთ - ნუ მოიწყენთ, თუ არ იმარჯვებთ ყველა თქვენს თამაშში ერთბაშად. ყველა მარცხდება – მსოფლიო ჩემპიონებიც კი. მანამ სანამ თქვენ ერთობით და სწავლობთ წაგებული პარტიებიდან, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჭადრაკი მუდამ!

რომელია ყველაზე საუკეთესო პირველი სვლა ჭადრაკში?

მართალია ჭადრაკში არ არის ყველასგან აღიარებული ერთი საუკეთესო სვლა, მნიშვნელოვანია დასაწყისიდანვე ეცადოთ აკონტროლოთ დაფის ცენტრი. ამ მიზეზით მოთამაშეთა უმრავლესობა პირველ სვლას აკეთებს ერთერთი ცენტრალური პაიკით (მეფის წინა ან ლაზიერის წინა) ორი უჯრით წინ 1. d4 ან 1. e4. სხვები ამჯობინებენ 1. c4 ან 1. Nf3. სხვა სვლების უმეტესობა ვერ არის იმდენად კარგი. ბობი ფიშერი თვლიდა, რომ სვლა მეფის პაიკით 1. e4 - საუკეთესო სვლაა.


ჭადრაკის რომელი ფერი თამაშობს პირველი?

მოთამაშე თეთრი ფიგურებით ყოველთვის იწყებს პირველი.


შეუძლია თუ არა პაიკს უკუსვლა?

პაიკს არ შეუძლია უკან სვლა. მაგრამ როცა პაიკი მიაღწევს დაფის მოპირდაპირე მხარეს, თქვენ შეგიძლიათ ის გარდასახოთ სხვა ფიგურაში (მაგალითად, ლაზიერში). ამის შემდეგ იგი მოძრაობს როგორც ის ფიგურა, რომელშიც თქვენ იგი გარდასახეთ, და შეუძლია სვლა უკანაც.


შეიძლება თუ არა ერთზე მეტი ფიგურით ერთდროულად სვლის გაკეთება?

თქვენი სვლის დროს, შეგიძლიათ ითამაშოთ მხოლოდ ერთი ფიგურით, მაგრამ არის ერთი გამონაკლისი! როცა თქვენ აკეთებთ როქს, ერთი სვლით თქვენ გადაადგილებთ მეფეს და ეტლს.


რომელი ფიგურაა ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვანი?

მეფე - ყველაზე გამორჩეული საჭადრაკო ფიგურაა. თუ წააგებთ მეფეს, წააგებთ პარტიას. მაგრამ ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა - ეს ლაზიერია.


როდის გამოიგონეს ჭადრაკი?

ჭადრაკის შექმნის ნამდვილი ისტორია არ არის ცნობილი, მაგრამ ბევრს სჯერა, რომ ის წარმოიქმნა ჭადრაკის მსგავსი თამაშებისაგან, რომლებსაც თამაშობდნენ ინდოეთში თითქმის ორი ათასი წლის წინ. დღევანდელი სახის ჭადრაკი მე-15 საუკუნიდან არის ცნობილი, როდესაც ის ევროპაში გახდა პოპულარული.


რომელი პარტია იყო ყველაზე ხანგრძლივი ჭადრაკის ისტორიაში?

ყველაზე ხანგრძლივი სატურნირო პარტია (სვლების რაოდენობით) ჭადრაკის ისტორიაში გათამაშდა ივან ნიკოლიჩსა და გორან არსოვიჩს შორის ბელგრადში, სერბია, 1989 წელს.


რა არის საჭადრაკო ნოტაცია?

ნოტაცია შეიქმნა, რომ გაანალიზდეს ნათამაშები საჭადრაკო პარტიები. მისი წყალობით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩავწეროთ პარტიის ყველა სვლა და განვიხილოთ ის იმდენჯერ, რამდენიც მოგვესურვება. მხოლოდ ზუსტად უნდა ჩავიწეროთ საკუთარი სვლები და ასევე მეტოქის სვლებიც.

საჭადრაკო ნოტაცია

საჭადრაკო ნოტაცია მოგცემთ საშუალებას შეინახოთ ყველა თქვენი პარტია...

ყოველ უჯრას აქვს კოორდინატები, და ყოველი ფიგურა აღინიშნება ასოთი (მ - მხედარი, კ - კუ, ლ - ლაზიერი, ე - ეტლი, და მფ - მეფე).

 რეკომენდირებული სტატია -> საჭადრაკო ნოტაცია - თამაშის ენა


რა არის ჭადრაკის მიზანი?

ჭადრაკი არის თამაში, რომელსაც თამაშობს 2 ოპონენტი დაფის მოპირდაპირე მხარეებზე. დაფა შედგება ორი განსხვავებული ფერის 64 უჯრისაგან. თითოეულ მოთამაშეს აქვს 16 ფიგურა: 1 მეფე, 1 ლაზიერი, 2 ეტლი, 2 კუ, 2 მხედარი და 8 პაიკი.

მასალა ჭადრაკში

დაფა, ორი მოთამაშე და 32 ფიგურა - ესაა სულ, რაც თქვენ გჭირდებათ თამაშის დასაწყებად.

თამაშის მიზანი არის ოპონენტის მეფისათვის შამათის გამოცხადება. შამათს ადგილი აქვს მაშინ, როცა მეფეს რომელიმე ფიგურა ემუქრება (ქიშით) და ის თავს ვერ დააღწევს.

ჭადრაკი

მზად ხართ დაიწყოთ ჭადრაკის თამაში? დარეგისტრირდით Chess.com -ზე უფასოდ და ისიამოვნეთ თამაშით!

მეტი CHESScom-სგან
რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

რამდენი მოჭადრაკეა მსოფლიოში?

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ

საუკეთესო ადგილი ონლაინ ჭადრაკის სათამაშოდ